ვახტანგ VI (დ. 15 სექტემბერი, 1675 ― გ. 26 მარტი, 1737, ასტრახანი[6]) — ქართლის გამგებელი (ჯანიშინი) 1703-1714 წლებში,[7][8] მეფე 1716-1724 წლებში,[7][8] სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, პოეტი, მთარგმნელი, ისტორიკოსი, კოდიფიკატორი და მეცნიერი. გიორგი XI-ის ძმის, ლევანის ძე. დედა – თუთა, ქაიხოსრო I გურიელის ასული. სულხან-საბა ორბელიანის აღზრდილი. ვახტანგ VI-ის მეფობის ხანა გამორჩეულია საქართველოს ლიტერატურული და ინტელექტუალური აღორძინების დაწყებით. მის მიერ გატარებული რეფორმების შედეგად ქვეყანამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. სულხან-საბა ორბელიანსა და ანტონ I კათოლიკოსთან ერთად ვახტანგი ითვლება ახალი ქართული ლიტერატურის სულისჩამდგმელად. მის სახელთანაა დაკავშირებული პირველი ქართული სტამბის დაარსება დარუსთველოლოგიისათვის, როგორც მეცნიერული დისციპლინისათვის საფუძვლის ჩაყრა.
პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკმაოდ ახალგაზრდა ჩაება ბიძის, გიორგი XI-ის მხარდასაჭერად. 1703 წელს შაჰის მიერ გიორგის მეფედ დამტკიცების შემდეგ, ვახტანგი მის ნაცვლად ქართლისჯანიშინი და ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი გახდა, 1716 წელს კი ისლამის ფორმალურად მიღების შემდეგ შაჰმა ქართლის მეფედ დაამტკიცა. 1724 წელს ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის გამო ვახტანგი იძულებული გახდა რუსეთში გამგზავრებულიყო, სადაც სიკვდილამდე ცხოვრობდა, თუმცა მას გადასახლებაშიც არ შეუწყვეტია აქტიური საზოგადოებრივი თუ კულტურულ-სამეცნიერო მოღვაწეობა. გარდაიცვალა 1737 წლის 26 მარტს, დაკრძალულია ასტრახანის მიძინების ტაძარში.
No comments:
Post a Comment