ხევსურეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩეჩნეთი და ინგუშეთი, აღმოსავლეთით — თუშეთი, დასავლეთით — ხევი და გუდამაყარი, სამხრეთით — ფშავი. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ხევსურეთის მთელი ტერიტორია შედის მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში და ოთხ თემადაა გაყოფილი: ბარისახოს, გუდანის , შატილის და არხოტის.
სახელწოდება „ხევსურეთი“ შერქმეული აქვს მხარის მთიანი, ხევებიანი ადგილმდებარეობის გამო. ამ სახელწოდებით წყაროებში XV საუკუნიდან იხსენიება. ხევსურეთის ადრინდელი სახელწოდებაა ფხოვი(ასე ეწოდებოდა მას ფშავთან ერთად), ხოლო ხევსურებისა და ფშავლებისა — ფხოველები. პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთი უკავშირდებიან არხოტისა და დათვისჯვარის უღელტეხილებით. საუკუნეების განმავლობაში ხევსურეთი პოლიტიკური და ადმინისტრაციული სტატუსით სამეფო ხელისუფლებას ექვემდებარებოდა. სამეფო ხელისუფლების დასუსტების პერიოდში არაგვის ერისთავები, რომელთაც მთიანეთის საერთო გამგებლობა ევალებოდათ, ცდილობდნენ ხევსურეთზე საბოლოო გაბატონებას. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ხევსურეთის მნიშვნელობა გაიზარდა, იგი ბარს იცავდა მომხვდური მოთარეშე რაზმების დარბევისაგან. ხევსურები ქმედითად მონაწილეობდნენ ასპინძის ბრძოლაში (1770), კრწანისის ბრძოლაში (1795). მთიულეთის აჯანყებისა (1804) და 1812 წლის კახეთის აჯანყებისდროს აქტიურად იბრძოდნენ ცარიზმის კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ. XIX საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო ხევსურების სხვა რეგიონებში გადასახლება. XX საუკუნის 50-იან წლებში ხევსურეთის მოსახლეობის ნაწილის ბარად ჩამოსახლებას ნეგატიური სოციალური და ეკონომიკური შედეგი მოჰყვა. 80-იან წლებში დაიწყო ხევსურეთის მიტოვებულ რეგიონებში ცხოვრების გეგმაზომიერი აღორძინება. ხევსურეთში შემორჩენილია შუა საუკუნეების მატერიალური კულტურის ძეგლები: ხახმატის ციხე, ახიელის ციხე, ლებაისკრის ციხე, მუცოს ციხე-სოფელი,არდოტის ციხე-სოფელი, ხახაბოს ციხე-სოფელი,შატილის ციხე-სოფელი, გუდანის ჯვარი, ანატორის ჯვარი, ანატორი, აკლდამები და სხვა.
ხევსურეთს შეუძლია გამოკვებოს მოსახლეობის მხოლოდ გარკვეული ნაწილი, ამიტომ ნამრავლი იძულებულია სხვაგან გადასახლდეს და თავისი სარჩო იქ მოიპოვოს. ასე გაჩნდა ხევსურთა ახალშენები ხევში (ჯუთა), გუდამაყარში, ერწო-თიანეთში, კახეთში (გომბორი, შირაქი).
No comments:
Post a Comment